ახალი წიგნი - მონოგრაფიული კვლევა „დანაშაულობის პრევენციის პედაგოგიური საფუძვლები“

ბეჭდვა

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიაში, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ მალხაზ ბაძაღუასა და პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ მამუკა თავხელიძის მიერ განხორციელდა კომპლექსური, დარგთაშორისი მონოგრაფიული კვლევა „დანაშაულობის პრევენციის პედაგოგიური საფუძვლები“ და გამოიცა წიგნად.

წიგნში წარმოდგენილია ისეთი პრობლემათა ერთობლიობა, როგორიცაა სამართლებრივი სახელმწიფო, მართლწესრიგი და პედაგოგიკა, დანაშაულობის პრევენციის პედაგოგიური ასპექტები, პედაგოგიკის თანამედროვე გამოწვევები, პედაგოგია, როგორც დანაშაულობის პრევენციის მექანიზმი, პრევენციული პედაგოგიკა, პენიტენციური და პოსტპენიტენციური პედაგოგიკის პრობლემები და სხვა. წიგნში მოცემული დასკვნები და რეკომენდაციები ღირებულია სამართალმცოდნეებისა და პედაგოგებისათვის, შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებისათვის.

წიგნის რედაქტორია პედაგოგიკის მეცნიერებაში ცნობილი და ღვაწლმოსილი მკვლევარი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ნათელა ვასაძე.

დაინტერესებულ პირებს ვაცნობებთ, რომ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, უახლოეს ხანში გაიმართება წიგნის წარდგენა ფართო საზოგადოებისათვის.