2017 წლის 10 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.
ალბომში შესულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ივანე ჯავახიშვილის პირადი საარქივო ფონდის მასალა, რომელიც მოიცავს სამართლისა და ეკონომიკის ტერმინებს. ტერმინები შედგენილია ივანე ჯავახიშვილის მიერ ისტორიულ საბუთებზე, წყაროებზე და ხელნაწერებზე დაყრდნობით. გამოცემა მიეძღვნა ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილეს. პროექტი განხორციელდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, ალბომში შესულია 1800-ზე მეტი ტერმინი ეკონომიკისა და სამართლის მიმართულებით თავისი განმარტებებით. „ გამოქვეყნდა უნიკალური მასალა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ პროექტში, განსაკუთრებით, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ასევე ჩვენს მეცნიერებს, იმ საქმიანობისთვის, რომელიც მათ გასწიეს ამ ალბომის გამოცემისთვის“,-განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
ალბომის იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელია, ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო კომისიის წევრი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა. ალბომის რედაქტორია, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაზა აბაშიძე. „გაჩნდა იდეა, რომ ივანე ჯავახიშვილის არქივში დაცული ბარათები, რომელიც ეხებოდა იურიდიულ და ეკონომიკურ ტერმინოლოგიას, გამოცემულიყო ფოტოტიპური სახით და ახალგაზრდებს, სტუდენტებს, მეცნიერებს ჰქონოდათ საშუალება გაცნობოდნენ ივანე ჯავახიშვილის დიდ მემკვიდრეობას არამარტო ნაბეჭდი სახით, არამედ სწორედ ფოტოტიპური სახით და ენახათ, როგორ მუშაობდა დიდი მეცნიერი ამ ტერმინოლოგიაზე, რა შესწორებები შეჰქონდა თავის ხელით“,-აღნიშნა ზაზა აბაშიძემ.
ალბომში შესულია 1845-მდე ტერმინი, რომელიც დალაგებულია ანბანის მიხედვით და მითითებული აქვს საარქივო ერთეულის ნომერი. თითოეული ტერმინი დაწერილია ცალკეულ ბარათზე, წყაროს მითითებით. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის მანუჩარ გუნცაძის განცხადებით, ივანე ჯავახიშვილის პირად არქივში, მსგავსი ტერმინების რაოდენობა გაცილებით მეტია, მაგრამ ალბომში შესულია მხოლოდ ის ბარათები, რომელიც უშუალოდ ივანე ჯავახიშვილის ხელითაა დაწერილი. „ამით მოხდა ერთის მხრივ, ამ მასალის დაცვა და მეორეს მხრივ, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ივანე ჯავახიშვილის ბიოგრაფიას სწავლობენ, გამარტივდა წვდომა მასალაზე, რომელთა დიდი დიდი ნაწილი აქამდე გამოქვეყნებული არ იყო.“,-აღნიშნა მანუჩარ გუნცაძემ.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ და დამსწრე საზოგადოებს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს:
- გიორგი შარვაშიძემ – თსუ–ს რექტორმა, პროფესორმა.
- ზაალ აბაშიძემ – ალბომის რედაქტორმა; ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა.
- მანუჩარ გუნცაძემ – ალბომის ერთ–ერთი შემდგენელმა; ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელმა.
- შოთა ფაფიაშვილმა – საქართველოს ტეკნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა.
- თემურ ბერიძემ – თსუ–ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო კომისიის წევრმა.
- მინდია უგრეხელიძემ – საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა.
- სერგო ვარდოსანიძემ– საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა.
- ლია ქაროსანიძემ – თსუ–ს არნოლდ ჩიქობავას ახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელმა, პროფესორმა.
- ნიკოლოზ ჯავახიშვილმა– თსუ–ს საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო კომისიის წევრმა.
- მალხაზ ბაძაღუამ – ალბომის იდეის ავტორმა და პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო კომისიის წევრმა მადლობა მოუხადა პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის ივანა ჯავახიშვილის სახელობის საიუბილეო კომისიის შემეადგენლობას, თსუ–ს რექტორატს, ადმინისტრაციას, გამომცემლობას, სტამბას, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტს და თინათინ წერეთლის სახელობის სახლმწიფო და სამართლის ინსტიტუტს, მეორეს მხრივ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექციას და მეცნიერ მუშაკებს, განსაკუთრებს მანუჩარ გუნცაძესა და შორენა მურუსიძეს, რომლებიც არიან ალბომის დიზანის ავტორი და შემდგენლები.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს:
- თარხუჯ ჯავახიშვილმა – ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილმა, სამხატრო აკადემიის პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის საუბილეო კომისიის წევრმა.
- რომან შენგელიამ – თსუ–ს ემერიტუსი პროფესორმა, გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კათედრის გამგემ.
- გიორგი ღლონტმა – თსუ–ს თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრმელმა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორმა.
- ჯაბა სამუშიამ – თსუ–ს საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო კომისიის წევრმა.
- ცირა ბარამიძემ – თსუ– კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა.
ალბომი მკვლევრებს, ასევე ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობით დაინტერესებულ საზოგადოებას გაუადვილებს ივანე ჯავახიშვილის პირად არქივში დაცულ მასალაზე წვდომას და ხელს შეუწყობს ქართული სამართლისა და ეკონომიკის ტერმინებზე მუშაობას.
http://www.radiotavisupleba.ge/a/ivane-javakhishvilis-mivickebuli-nashromebi/28231479.html
https://www.youtube.com/watch?v=a82SD62zSVE